საზოგადოებრივი
104.5 FM

საბჭოს შესახებ

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა

სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან.

საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა  არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.

მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეურვეს ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.

მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს.


მეურვეობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ

მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.

საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.

ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციებს), საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.


მეურვის არჩევა

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობის  გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. ერთ პარლამენტის წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

თუ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, მეურვის 6 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც ყველაზე ნაკლები წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა საპარლამენტო ფრაქციები მათში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.

თუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ და ვაკანსიის გამოცხადების დროს საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის  კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმით იყო არჩეული მეურვე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.

საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.

საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,  ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების)  და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის  (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა.

თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.


სამეურვეო საბჭოს სხდომა

სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მეურვეთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მეურვეთა არანაკლებ ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

მეურვეს სამეურვეო საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.

სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში  გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია მოუსმინოს  მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები.

სამეურვეო საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მათ  საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს მეურვეთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით ირჩევს სამეურვეო საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების  ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს  და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. სამეურვეო საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში.


სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და მეურვის უფლება-მოვალეობები 

1. სამეურვეო საბჭო:

ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;

გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში;

დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;

ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;

ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

ზ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

თ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია);

ი) მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის შესახებ.

2. მეურვე:

ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მეურვის მოვალეობა;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამეურვეო საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;

გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.


სამეურვეო საბჭოს ანგარიში

1. სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა  საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის შესახებ. 

2. ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო  პოლიტიკის შესახებ;

ბ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;

გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;

დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;

ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

ვ)  განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;

თ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;

ი) საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

კ)  საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს.

3. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებში. 

4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.

უახლესი