საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თინათინ ბერძენიშვილი: ჩვენი მოთხოვნა არის ყველა ჩაერთოს ამ პროცესში, მაგრამ ეს ფორმა უნდა იყოს ცივილური

გამოქვეყნებულია 2017-02-09 20:25:00


„ჩვენი მოთხოვნა არის ყველა ჩაერთოს ამ განხილვაში, მაგრამ ეს უნდა იყოს ცივილური ფორმით“,-ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის შენობაში აქციის მონაწილეთა შეჭრას. 

როგორც ბერძენიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, არ ყოფილა შემთხვევა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვინმესთვის პირდაპირ ეთერზე უარი ეთქვას.

„ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაპოვარი. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს საშუალება, რომ ყოველთვის,ნებისმიერ მოვლენას ვეხმიანებით იმავე წუთას, მით უფრო, თუ ეს ჩვენ ტერიტორიაზე ხდება.

ამისთვის გვაქვს პრესკლუბი, ამისთვის არსებობს ჩვენი გადაცემები. არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ ვინმესთვის უარი გვეთქვას, მით უფრო პირდაპირ ეთერში.

უბრალოდ, თუ ვსაუბრობთ ფორმებზე, მგონია რომ ამ ყველაფერმა უნდა მიიღოს ცივილური ფორმა, რადგან დღეს უკვე დაანონსებული და გადაწყვეტილი კონსტრუქციული საუბარი გადავიდეს უფრო ცივილურ ჭრილში.

არც არავის უთხოვია ჩვენთვის, რომ პირდაპირ ეთერი დაეთმო, ცხადია, ამას გავაკეთებდით ღიად, მით უფრო, რომ ყველა ჩვენი გადაცემა მიმართულია მხოლოდ ამ აქტუალურ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება და  პირიქით, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ჩაერთონ აქტიურად ამ პროცესში, თუმცა ეს ფორმა ცივილური უნდა იყოს. მე მგონი ეს ყველა მხარისთვის უკეთესი იქნება“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობაში შემოიჭრა. აქციის მონაწილეები ხუთწუთიან ეთერს ითხოვდნენ, რათა ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.

აქციის მონაწილეებს „მოამბემ“ პირდაპირი ეთერი დაუთმო. 

საზოგადოებრივი  მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადმოინაცვლეს.

აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის წევრები, ასევე პორფკავშირების წარმომადგენლები მართავდნენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოს“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე ქსნის და ტყიბულის მეშახტეები. აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.

619

უახლესი