საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმბოლოსა და სლოგანის პრეზენტაცია კიევში გაიმართა

გამოქვეყნებულია 2017-05-12 20:01:00


დღეს კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ამჟამად 2017 წლის ევროფესტივალის ფინალისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სლოგანი: „ანათე“ (Shine Bright) წარადგინეს.

წლევანდელი ღონისძიების მთავარ გზავნილს „ანათე“ თან ახლავს კრეატიული სიმბოლოს დიზაინი, რომელიც სეგმენტირებული მზის კონცეფციას ეფუძნება, მზის გამოსახულება სხვადასხვა ფერად არის დაყოფილი, რაც მას უფრო გამომსახველს ხდის.

ახალი სლოგანი და ღონისძიების მხატვრული გაფორმება სტუმრებს ქართული კულტურის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას, ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეების, რომლებიც მოგვიანებით გამოვლინდებიან, შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული მიდგომის წარმოჩენას.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი, ამ დრომდე, არცერთ ქვეყანას ჰქონია. 

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად 2008 წელს გაიმარჯვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. 

„საბავშვო ევროვიზიის კონკურსი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდა არტისტებს მისცეს საშუალება იბრწყინონ სცენაზე და თავიანთი პოტენციალი სრულად წარმოაჩინონ. წლევანდელი სლოგანი ამ მიზნის სრული ხორცშესხმაა. ჩვენ მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მოუთმენლად ველით მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ტალანტებს“, - განაცხადა EBU-ს წარმომადგენელმა ჯონ ოლა სენდიმ.

„საქართველოში მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და დღემდე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო საშუალებად მოიაზრება. საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის; ბედნიერი ვართ, რომ შეგვიძლია სტუმრებს გავუზიაროთ ჩვენი კულტურა და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებს მივცეთ საშუალება წელს თბილისში ანათონ“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სერგი გვარჯალაძემ.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კრეატიული კონცეფცია კონკურსის შედეგად შეირჩა და მისი ავტორი კომპანია Saatchi&Saatchi-ია. ლოგოს ფერადი ნათება მრავალფეროვნებისა და სიხარულის სიმბოლოა და მუსიკის ძალასთან ასოცირდება. 

„ეს სიმბოლო მზიანი საქართველოდან არის, იმედი გვაქვს ის გააძლიერებს კონკურსის მონაწილეებს და შთააგონებს ანათონ“, - ამბობს კომპანიის Saatchi&Saatchi არტ დირექტორი ლუკა ივანიძე.

2017 წლის საბავშვო ევროფესტივალი თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. 2007 წელს ქალაქის მთავარი სპორტული არენის რეკონსტრუქციის შედეგად, სპორტის სასახლე თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც იმართება საერთაშორისო დონის და ადგილობრივი მუსიკალური კონცერტები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები.

186

უახლესი