საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

პარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია

გამოქვეყნებულია 2017-06-26 18:33:00


პარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია.

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის 13 წევრმა მოამზადა, ავტორები კი არიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე და ენძელა მაჭავარიანი.

პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა, რომლის მომზადების მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისთვის სათანადო საკანონმდებლო შექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით მაუწყებლობს (რადიო, ტელევიზია, ვებპლატფორმა), ახალი რედაქციით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. ცვლილებებით დამატებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. პროექტით ასევე შესაძლებელი ხდება, რადიომაუწყებლობის განვითარებისათვის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად მაუწყებლისადმი დამატებითი რადიოსამაუწყებლო სიხშირეების გამოყოფა.

გარდა ამისა, პროექტით იცვლება მოქმედი რედაქცია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ხელშეუხებლობას ეხება. კერძოდ, დამატებით ზუსტდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება დაუშვებელია. პროექტით ასევე დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება. 

ამასთანავე, კანონპროექტს კონკრეტული მუხლები ემატება, რომლის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი, ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის/ინოვაციის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია კონკურენტულ გარემოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას მისი ეთერში გასვლამდე ზიანი მიაყენოს, საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს და მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი არ ვრცელდება, ხოლო ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს.

ცვლილებები დებულებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით, სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილებებს გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანს.

ამასთანავე, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, დებულებაში ცვლილებები საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. ასევე სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს. ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება უქმდება.

ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტსაც ეხება. კერძოდ, პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის აკრძალვასთან ერთად, დამატებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებაზე მიმართოს.

რაც შეეხება რეკლამას, პროექტით ეს მიმართულებაც განისაზღვრება. კერძოდ, ცვლილებებით, არ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს - სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. 

ამასთან, ინიციატივით, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს, კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთის), ყოველ საათში – 12 წუთს (ნაცვლად 6 წუთის, 10%-ის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).

ასევე პროექტით დასაშვები ხდება, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

ამ ცვლილებების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით, წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამი (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებით 2016 წლის 19 დეკემბერს მიმართეს, რის საფუძველზეც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მომზადდა.

საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებზე მსჯელობას სავარაუდოდ, რიგგარეშე ფორმატში დაიწყებს.


178

უახლესი