საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის განცხადება

გამოქვეყნებულია 2017-08-25 19:24:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს, სოფო ჯაჯანაშვილს პასუხობს.

"უპირველეს ყოვლისა, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის დაცვის გარანტის მიმართ. 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ სტატუსში გამოხატა მწუხარება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებლმა საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში - “კონსტიტუციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის 2 წუთიანი მიმართვისთვის ადგილი ვერ გამოძებნა”.

რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ ეს განცხადება უცვლელად გაავრცელა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იწუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებთ, რომ უნებლიეთ - ამით ზემოქმედებს ხსენებული მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მიმართვა “მოამბემ” მიიღო მთავარი გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რაც ასევე ფორსმაჟორულად ავალდებულებდა სარედაქციო ჯგუფს გამოშვების ლოგიკის დარღვევას, რისი აუცილებლობაც მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე არ არსებობდა, რადგან ის არ მოიცავდა იმ წუთას საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საბოლოოდ, კვლავ გვსურს გამოვხატოთ მწუხარება, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამ ფორმით იწუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და ირიბად ზღუდავს ამ პოლიტიკის თავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ მსგავი ფაქტები მომავალში არ გამეორდება და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩვეული თანამშრომლობა გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

245

უახლესი